Saturday, September 18, 2010

სიკვდილი რეცეპტით















მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ არკადი მამონტოვს ძალიან მძაფრი და საჭირო ფილმისთვის Трафик - трагедию зовут Коаксил (ტრაფიკი - ტრაგედიას ეწოდება კოაკსილი), რომელიც რუსეთში სამედიცინო პრეპარატი "კოაკსილის" ყიდვა-გაყიდვასა და მის მოხმარებას ეხება, ხოლო ეძღვნება ყველა იმ ახალგაზრდას, რომლებიც ამ პრეპარატის მოხმარების შედეგად დაიღუპა. ქალაქ სურგუტის სასაფლაოს 30%-ს სწორედ ეს ახალგაზრდები იკავებენ.

მადლობას ვუხდი კიდევ იმიტომ, რომ დროისა და ხარჯის ეკონომია გაგვიკეთა. გადამეტების გარეშე, არგუმენტებითა და ფაქტებით შეგვიძლია თამამად ვთქვათ ის, რომ საქართველოში, განსაკუთრებით თბილისში ანალოგიური სიტუაციაა და მამონტოვის ფილმისთვის მხოლოდ ქართული სუბტიტრების დადება თუ იქნება საჭირო. მადლობა იმისთვის, რომ ფილმში არ მიდის "ნარკომანების" საწინააღმდეგო კამპანია, არ ჟღერს ამ კამპანიის შესაბამისი მესიჯები. ფილმში აკრიტიკებენ სისტემას და სააფთიაქო ბიზნესს, რომელსაც სახელმწიფო პოლიტიკამ და კანონმდებლობამ ხელი გაუხსნა და რომელიც დღედაღამ გასცემს სიკვდილს რეცეპტით თუ ურეცეპტოდ.

მამონტოვის ფილმში ნათლად ჩანს, რომ ქალაქ მოსკოვის ერთ-ერთ აფთიაქში ერთი თვის განმავლობაში რეცეპტით მხოლოდ ერთხელ იქნა შეძენილი კოაკსილი. მაშინ, როდესაც ყველაზე პატარა აფთიაქიც კი თვეში რეცეპტის გარეშე, დაახლოებით, 300 ათას დოლარის კოაკსილს ყიდის წამალდამოკიდებულებზე.

საინტერესოა, რა ვითარებაა ამ მხრივ საქართველოში? ქართულ სააფთიაქო ბიზნესში? საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე? როდის უნდა მოწესრიგდეს სამედიცინო ბაზარი, რომელიც დღეს საბანკო სექტორივით მუშაობს და რომლის ესა თუ ის აფთიაქი ბანკის ფილიალს გაგონებს - მთავარია შემოსავალი!

ჩვენთან უკვე აქტიურად მოიხმარენ კოაკსილს (მას ხანდახან კოაქსინს, ან კოაქსილს უწოდებენ), მაგრამ არავინ ფიქრობს იმ უკუჩვენებებზე, რომელიც გარდაუვალია! ეს ჩემთან საუბრისას ჩემმა მეგობარმა, ნარკოლოგმა ზურა სიხარულიძემაც არაერთხელ აღნიშნა: "თქვენ ვერცკი წარმოიდგენთ თუ როგორი დამოკიდებულება შეიძლება ქონდეს ამ პრეპარატს და ყველა ის ვიდეორგოლი, რომელშიც ასახულია კოაკსილის მოხმარების უკუჩვენებები - მხოლოდ დასაწყისია. საშინელი დასასრულის დასაწყისი, რომელიც გარდაუვალია კოაკსილის ხანგრძლივი მოხმარების შედეგად."

მე მისი მჯერა.


1 comment:

  1. დაგავიწყდა მიწერა, რომ ამ ანტიდეპრესანტს ვინც რეალურად საჭიროებს, ის მოიხმარს მხოლოდ 3 აბს, ხოლო წამალდამოკიდებული კოაკსილის 200-მდე აბსაც იკეთებს! ზიანის და ხარჯის დათვლა თუ გამოთვლა სხვისთვის მომინდვია!

    ReplyDelete