Thursday, October 1, 2009

პლასტმასის თაობა

კავკასიური ცარცის წრე

ნეოფროიდისტი ერიხ ფრომი წერდა, რომ თუკი შევეგუებით მოსაზრებას, რომ ძალადობა და დესტრუქცია ადამიანის თანდაყოლილი თვისებაა, მასთან ბრძოლის მოთხოვნილება და აუცილებლობა თავისთავად გაქრება. ამიტომ ადამიანს საკუთარ თავთან, საზოგადოებას კი მასთან ბრძოლა უწევს. ნარკომანია დესტრუქციის და თვითგანადგურების ნათელი მაგალითია. ამ ბოროტებას ებრძვიან, თუმცა ისიც გვებრძვის და სავალალო სტატისტიკის მიხედვით, რომელიც საქართველოში არაოფიციალურად 250,000 ნარკომანს მოითვლის, საკმაოდ პესიმისტური პროგნოზიც კეთდება - ვაზის, ღვინის ქვეყანაში არასოდეს ყოფილან ალკოჰოლიკები, ნარკომანები კი ვირუსივით მრავლდებიან; თუ პირველი - ღვინო, სოციო-კულტურული მოვლენაა და კომუნიკაციისა და დიპლომატიის იარაღია, ნარკოტიკი ცალსახად ამ ცნებების ანტონიმია.

მიმდინარეობს ქართველი ერის გენოციდი... ახლახანს ერთ-ერთმა რუსმა პოლიტიკოსმა ქართველებს "ნარკომანების ნაციაც” კი უწოდა.

მემკვიდრეობით მიღებულმა პოსტაფხაზურმა სინდრომმა და პოსტტრავმატულმა მდგომარეობამ, უკიდურესად მძიმე სოციალურ-ეკონომიკურმა პირობებმა ერის დემორალიზაცია გამოიწვია. ქვეყანაში, რომელშიც მოსახლეობის 10% სიღატაკის ზღვარს მიღმა იმყოფება, ხოლო 40% ღარიბია, ფაქტობრივად რუსულ რულეტს თამაშობენ. თვითმკვლელები "პატრულის” სიუჟეტების მთავარ გმირებად, თვითმკვლელობა კი პრობლემის გადაჭრის პანაცეად იქცა. ამასობაში კი ვიღაცა ხელებს ითბობს, მდიდრდება, სხვის ხარჯზე თვითდამკვიდრებას ცდილობს, ან კიდევ როგორც სტანისლავ ეჟი ლეცი წერს ორმნიშვნელოვნად "Многие не живут своей жизнью, стараясь отделаться чужой смертью.”
ასეთ ხალხზე რევოლუციონერი თაობა სახლის კედლებზე ერთმნიშვნელოვნად წერდა "აქ ცხოვრობს ბარიგა”, რაც ძველი ფორმაციის ადამიანს 37-იან წლებს ახსენებდა. ანონიმური ზარი 022-ზე საკმარისი იყო იმისათვის, რომ ხანდახან სრულიდან უდანაშაულო ადამიანი დაეპატიმრებინათ და "ბარიგის” იარლიყით მოეთავსებიათ წინასწარი პატიმრობის საკანში. ციხის კანონებით ეს სიკვდილის განაჩენის გამოტანის ტოლფასია. განტევების ვაცის ძიებაში გაწრვთნილი ძალოვნები კი ამასობაში სხვა ნარკორეალიზატორს "კრიშავენ”. ეს უკვე იმდენად გაცხადდა, რომ საზოგადოების იმ ნაწილსაც კი, რომელსაც გულწრფელად სჯერა მართლმსაჯულების, კანონიერების და დროულად თანამშრომლობს პატრულთან, იმისიც სწამს, რომ დღეს ხელუხლებელი ნარკორეალიზატორი ამ უკანასკნელისა და ძალოვანი სტრუქტურების ძმობის ურყევი სიმბოლოა.

ფაქტი ჯიუტია - სახელმწიფო კონტროლის გავლით, მათ შორის საბაჟოს ან სხვა ლეგალური გზის გავლით ქვეყანაში ნარკოტიკები შემოედინება. რამდენიმე წლის წინ ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ჯიხურების დახლზე ცელოფნებში შეფუთული ყაყაჩოს თესლები გამოჩნდა. მათი ღირებულება 5-10 ლარს შეადგენდა. საქართველოში რამდენიმე ტონა ყაყაჩოს თესლი შემოიტანეს და მაშინ თითქოს არავინ იცოდა, რომ მისი დამუშავების შედეგად ოპიატის მიღება შეიძლება. ხელმოცარული ნარკომანები მაშინ გამოცდილი მეკონდიტრეებივით დაერივნენ ყაყაჩოს მარცვლებს (პარალელურად დიდი პოპულარობით სარგებლობდა "ვინტი” – იოდი, ფოსფორი, ეფედრინი და ბენზინი. 3-4 საათის ქიმიური რეაქციისა და ფილტრაციის შედეგად იქმნება ე.წ. ვინტი (პერვინტინი), რომელიც ყველაზე იაფი დასამზადებელია) ხარშავდნენ, ფილტრავდნენ, იკეთებდნენ, ტკბებოდნენ, მაგრამ უცებ, მოულოდნელად, კომპეტენტურმა პირებმა აღმოაჩინეს, რომ ყაყაჩოსგან ოპიატი მიიღება და დაიწყეს როგორც მისი იმპორტიორის, ისე მისი მომხმარებლების დაპატიმრება. რეალურად სახელმწიფო არ არის ვალდებული უმკურნალოს ადამიანს, რომელიც თავისი ნებით ხდება ნარკოტიკებზე დამოკიდებული, ან განძრახ ისპობს ჯანმრთელობას, მაგრამ ამ შემთხვევაში ზემოხსენებული პროდუქტის გავრცელებაში სახელმწიფოს ირიბი თუ პირდაპირი მონაწილეობა მას გარკვეულ პასუხისმგებლობას უნდა აკისრებდეს.

სიმართლე ითქვას, ოფიციალური სტრუქტურების მიერ იქმნება სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო და პროფილაქტიკური პროგრამები, სერიოზულად მუშაობს ამ მიმართულებით ჯანდაცვის სამინისტროც, მაგრამ, რეალურად, მათ ნულოვანი ეფექტი აქვთ. მეტიც, საერთაშორისო პრაქტიკაში აპრობირებული მედიკამენტი თუ პრეპარატი, რომელსაც სხვაგან "ლომკის” მოსახსნელად იყენებენ, ჩვენთან ჰეროინისა და ე.წ. შავის ალტერნატივად იქცა. დღეს საქართველოში "მეტადონისა” და "სუბოტექსის” მომხმარებელი უფრო მეტია, ვიდრე ჰეროინის, "შავის”, მორფის და სხვა ძლიერ მოქმედი ნარკოტიკის. დღეს ერთი ნარკოტიკის მეორეთი ჩანაცვლება ხდება. "სუბოტექსმა” თითქმის განდევნა შავი ბაზრიდან ჰეროინი და ამას ობიექტური მიზეზიც აქვს. "სუბოტექსის” გავრცელება პრაგმატულმა მიდგომამ განაპირობა - პარიზსა და ბრიუსელში ერთი აბი "სუბოტექსი” დაახლოებით ერთი ევრო ღირს, საქართველოში კი მისი ფასი სტაბილურად 120 დოლარია, ანუ თითქმის ასჯერ მეტი. ჰეროინის შეძენა და შემდეგ მისი რეალიზაცია უფრო ძვირია და არახელსაყრელი. გარდა ამისა, ჰეროინის მომხმარებლისგან განსხვავებით "სუბოტექსის” მომხმარებელი 99% დაზღვეულია, რადგან დოზის გადაჭარბებისგან ჯერ არავინ გარდაცვლილა... ადვილი მისახვედრია, რომ შიშის, ან კიდევ სიკვდილის რისკის ფაქტორი დაძლეული იქნა, რასაც ზემომოყვანილი სტატისტიკაც ადასტურებს (2003 - 80 ათასი, 2004 - 100 ათასი, ხოლო 2005 წელს კი 250,000 ნარკომანი).

"სუბოტექსის” რეალიზაციამ მნიშვნელოვნად გაზარდა დედაქალაქში არსებული აფთიაქების შემოსავალიც. ფაქტობრივად ხელი-ხელს ბანდა, რადგან აფთიაქი ვაჭრობდა ინსულინის შპრიცებით, ინსულინის შპრიცი კი "სუბოტექსის” მოხმარების ძირითადი ატრიბუტია. სახელმწიფოს დაუდევრობა აფთიაქებთან მიმართებაშიც იკვეთება. 8 თვის განმავლობაში ინსულინის შპრიცის ღირებულება, რომელიც ძირითადად განკუთვნილია დიაბეტით დაავადებული პაციენტებისთვის, 5 თეთრიდან 50 თეთრამდე გაიზარდა. ამ წლებში (2003-2004) საქართველოში არც ერთი პროდუქტი არ გაძვირებულა 10-ჯერ, რაც თავისთავად მრავლისმეტყველია. სახელმწიფოს კი იმის ნაცვლად, რომ ინსულინის შპრიცების გაყიდვაზე მკაცრი კონტროლი დაეწესებინა, მისი შეძენის ნებართვა მხოლოდ ექიმის რეცეპტისა და ნებართვის საფუძველზე გაეცა და ამრიგად ავტომატურად შეეზღუდა შპრიცების მოხმარება, მხოლოდ ტარიფი გაზარდა.

ამიტომ სიმპტომურია, რომ ჩვენთან ებრძვიან არა ნარკოტიკებს, არამედ ნარკომანებს. სოციალიზმის ეპოქაში თითოეული მათგანი აღრიცხვაზე იყო აყვანილი და მას მკურნალობდნენ. დღეს ისე ებრძვიან, როგორც ბოროტებას. გაცილებით ჰუმანური იქნებოდა პარლამეტს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებით გამოეცა კანონი ნარკომანის იძულებითი მკურნალობის შესახებ. თუმცა ამ შემთხვევაშიც დიდი ბარიერი იქმნება, რადგან შესაძლოა ადამიანის უფლებების დაცვის სხვადასხვა კომიტეტმა თუ არასამთავრობო ორგანიზაციამ იძულებითი მკურნალობის წინააღმდეგ გაილაშქროს.

ფაქტია, რომ ნარკომანიის პრობლემის დაძლევა მხოლოდ ანტინარკოტიკული კამპანიით და ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდით შეუძლებელია. აუცილებელია სახელმწიფო ნება და აღმკვეთი ღონისძიებები.

უცნაურია, მაგრამ ქვეყანაში ნარკომანების ასეთი მკვეთრი რაოდენობრივი ზრდა ზოგადად ქართველი ახალგაზრდების სნობიზმის შედეგიც არის. აქამდე ტაბუირებული და დღეს უკვე ყველასათვის ხელმისაწვდომი ნარკოტიკი თანატოლებში თვითდამკვიდრების ილუზიას უქმნით. ის, რაც თავის დროზე სათაკილო იყო, დღეს რატომღაც კარგი ტონია. ეს მით უფრო დიდი პათოლოგიაა, რომ "სუბოტექსს”, ან თუნდაც "მეტადონს” არ სდევს ეიფორია, ჰალუცინაციები, რაც შეიძლება მისადმი ლტოლვის საბაბს იძლეოდეს. ასეთი ნარკოტიკისადმი ლტოლვა სწორედ სნობიზმის შედეგია.

თავის დროზე "პეპსის თაობა”, "60-იანელების თაობა”, "დაკარგული თაობაც” კი რაღაც წინააღმდეგობისა და სისტემის წინააღმდეგ ბრძოლის სინონიმი იყო. იმის გამო, რომ "სუბუტექსის” შემადგენლობაში ხან პლასტმასის, ხან კიდევ ცარცის არსებობას არ გამორიცხავდნენ, მის მომხმარებელს სარკაზმით "პლასტმასის თაობას” უწოდებენ. "პლასტმასის თაობა” კი მხოლოდ დეფინიციაა, ფაქტის კონტსტატაციაა და სხვა არაფერი. ამიტომ რა თვითდამკვიდრებაზე შეიძლება აქ საუბარი! თუმცა "პლასტმასის თაობას” არა მარტო "სუბუტექსის” მოხმარებისთვის უწოდებენ, არამედ ეს თაობა პლასტმასის სათამაშოებივით, მარიონეტებივით არიან, რომლის ზომბირება ნარკოტიკების მეშვეობით ხელსაყრელია მათი მანიპულირების მიზნით. ასეთ პირობებში, როდესაც ქვეყანა ორივე ფრონტზე - აფხაზეთსა და შიდა ქართლში ომის გაჩაღებას გეგმავდა, ხოლო პერმანენტულად მიმდინარეობს რეზერვისტების გაწვევა, მებრძოლი სულისკვეთება და ალბათ პატრიოტული მოტივიც დაკნინებულია და პათეტიკური მოწოდება "დავიბრუნოთ აფხაზეთი” აღარ ჟღერს იმდენად აქტუალურად, რამდენადაც, მაგალითად, არანაკლებ პათეტიკური, მაგრამ ამჟამად უფრო აქტუალური "გადავარჩინოთ ქართველობა”.

P.S. ყველა თანდართული ფოტო გადაღებულია ჩემს უბანში - საბავშვო ბაღის ეზოში, ჩემი კორპუსის წინ მდებარე სკვერში და ჩემს სადარბაზოში, ლიფტის ქვეშ...

სტატია გამოქვეყნდა 2007 წელს, გაზეთ "24 საათში"

No comments:

Post a Comment