ნარკომანია, როგორც სოციალური სტიგმა და ნარკომანი, როგორც დისკრიმინაცია
არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ - საქართველოში 300 ათასამდე ნარკომანიაო ! შესაბამისად , 300 ათასი “ დამნაშავე ”, “ კრიმინალი ”, “ ბოროტმოქმედი ”... ბოლოს და ბოლოს , 300 ათასი პოტენციური გადამხდელი , რომელიც ბიუჯეტს იმაზე უკეთ ავსებს , ვიდრე კანონმორჩილი მოქალაქე კომუნალური გადასახადების დაფარვით მოახერხებდა . მას შემდეგ , რაც ნარკომანიაზე ზრუნვა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეროგატივა გახდა , მერაბიშვილის უწყება კომერციულად მომგებიანი პროცესების მენეჯმენტს წარმატებით ახორციელებს – 2006 წლის 15 აგვისტოდან ნარკოტიკების მომხმარებელი ჯარიმის სახით 75 ლარის ნაცვლად 500 და 2000 ლარს იხდის ...
ორი წელია შინაგან საქმეთა სამინისტრო წამალდამოკიდებულთა ხარჯზე სახელმწიფო ბიუჯეტს ავსებს , ჯანდაცვის სამინისტრო კი ამავე ბიუჯეტიდან წამალდამოკიდებულთა მკურნალობაზე მიზერულ თანხას გამოყოფს . მეტიც , 2008 წელს ჯანდაცვის სამინისტრომ პირველად გამოყო თანხები ჩანაცვლებითი თერაპიის დასაფინანსებლად . გამოდის , რომ წამალდამოკიდებულ პირებს და ნარკომანიას კვლავ ძალისმიერი მეთოდებით ებრძვიან , პრევენციის ნაცვლად ახდენენ მის ლოკალიზებას და იზოლირებას საზოგადოებისაგან . შესაბამისად , ნარკომანიის აღმოფხვრას სახელმწიფო დაახლოებით იმავე პრინციპით ცდილობს , როგორიც ექიმს აქვს განგრენის შემთხვევაში – უნდა მოკვეთოს მტევანი , რათა ინფექცია იქნეს ლოკალიზებული და მთელ ხელზე არ განვითარდეს . ასეთი დამოკიდებულებით სახელმწიფო ფაქტობრივად უგულებელყოფს საკუთარ ვალდებულებას - ადამიანის კონსტიტუციით აღიარებული ჯანმრთელობის დაცვის უფლებას და გარანტიას საზოგადოებისგან იზოლირების გარეშე .
ნარკომანია , როგორც სოციალური სტიგმა , იმაზე მეტ დეფინიციას მოითხოვს , ვიდრე ამას შინაგან საქმეთა სამინისტრო ახდენს მასების ცნობიერებაში . ასეთი შეგონებით , “ ნარკომანის ” სინონიმი ერთმნიშვნელოვნად “ დამნაშავეა ” და “ კრიმინალი ” ( პოლონეთსა და ჩეხეთში ნარკომანები სასჯელს იხდიან იმ მიზეზით , რომ ზოგი მათგანი დანაშაულის ჩადენის დროს ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა , ზოგი კი დანაშაულს ნარკოტიკის შესაძენად სჩადიოდა . საქართველოში კი ასეთი პატიმრები თითქმის არ არიან ). შესაბამისად , საზოგადოებას , რომელსაც გამუდმებით აწვდიან ამ კლიშეს მას - მედიის მეშვეობით , უყალიბდება წამალდამოკიდებულ პირისადმი უარყოფითი და მტრული დამოკიდებულება . არადა , ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 2006 წელს ჩატარებული საზოგადოებრივი კვლევის თანახმად , გამოკითხულ რესპონდენტთა 80 პროცენტზე მეტს ნარკომანია დაავადებად მიაჩნდა . აქ ერთი ნონსენსია - საქართველოს კანონმდებლობით “ წამალდამოკიდებულება მძიმე ქრონიკული დაავადებაა , დამოკიდებულების მქონე ადამიანი კი – ავადმყოფი .” თუმცა საქართველოში არსებული და ამჟამად მოქმედი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსების მიხედვით “ ნებისმიერი ადამიანი , რომელიც სამედიცინო დანიშნულების გარეშე შეიძენს , შეინახავს , გადაიტანს ან მოიხმარს ნარკოტიკულ საშუალებებს , სამართალდამრღვევად ან / და დამნაშავედ ითვლება ”.
ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავი დებულებები საღად მოაზროვნე ადამიანში პროტესტის გრძნობას მაინც გამოიწვევდა , მაგრამ ჩვენს საზოგადოებას საინფორმაციო ვაკუუმში ამყოფებენ ; ხშირ შემთხვევაში მან თავისი კანონიერი უფლებების შესახებაც კი არაფერი იცის , რომ აღარაფერი ვთქვათ სისხლის სამართლის კოდექსზე , რომლის ესა თუ ის მუხლი გაეროს კონვენციებს არღვევს .
ლიბერალურ პრინციპებზე დაფუძნებულ დემოკრატიულ ქვეყანაში ნარკომანიასთან ბრძოლა მხოლოდ ხისტი პოლიტიკით და რეპრესიული მეთოდებით თითქმის წარმოუდგენელია . სტატისტიკის საფუძველზე უნდა აღინიშნოს , რომ ე . წ . ხისტი პოლიტიკის მომხრე ქვეყნებში , ნარკოტიკების მოხმარებასა და გავრცელებაზე დაწესებული მკაცრი კონტროლის მიუხედავად , ყოველწლიურად დანაშაულის რაოდენობა 2-3% იზრდება . შესაბამისად , საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სასჯელი ვერ იქნება ნარკომანიის დაძლევის პანაცეა ; ზოგადეროვნული იდეა უნდა იყოს ნარკოტიკებთან და არა წამალდამოკიდებულებთან ბრძოლა . წამალდამოკიდებული კი არ უნდა ისჯებოდეს , უნდა ინკურნებოდეს . მით უმეტეს მაშინ , როდესაც საზოგადოების 80 პროცენტი უმუშევრობის შემდეგ ყველაზე დიდ პრობლემად ნარკომანიას ასახელებს . ნარკომანია იყო და რჩება სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხი , ვინაიდან მიმდინარეობს ერის თანმიმდევრული, ხელუვნური გენოციდი და გენოფონდის განადგურება .
წამალდამოკიდებულთა მიმართ საზოგადოებრივი დამოკიდებულება არაერთგვაროვანია – თუკი ნარკორეალიზატორის მიმართ მას ცალსახად ნეგატიური დამოკიდებულება გააჩნია და “ სიკვდილის ვაჭარი ”, გარკვეულწილად , სოციალური სტიგმაა , ნარკომანიით დაავადებული პირების სოციალური თუ მორალურ - ზნეობრივი სტატუსი ჯერ კიდევ გაურკვეველია . ამისათვის აუცილებელია , რომ ჯანდაცვის სამინისტრომ ჩაატაროს საზოგადოებრივი აზრის ახალი კვლევა , რომელიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ანტინარკოტიკული სტრატეგიის ჩამოყალიბებაში . კვლევის ძირითადი მიზანი უნდა იყოს წამალდამოკიდებულთა მიმართ საზოგადოებრივი დამოკიდებულების , ზოგადად მისი აზრის შესწავლა და ანალიზის შედეგად პრიორიტეტების დასახვა . საზოგადოებრივი აზრის კვლევა მიზნად უნდა ისახავდეს ნარკომანიის პრობლემის იდენტიფიკაციასა და განსაზღვრას . მაგალითად , როგორც დანაშაულის ( შესაბამისად , პრობლემის აღმოფხვრა შსს - ოს პრეროგატივაა და ის უნდა ეფუძნებოდეს ე . წ . ხისტ პოლიტიკას , რეპრესიულ მეთოდებს ), ცოდვის ( შესაბამისად , პრობლემის აღმოფხვრა უნდა მოხდეს ეკლესიის თანამონაწილეობით ), დაავადების ( შესაბამისად , წამალდამოკიდებულებზე ზრუნვა ჯანდაცვის სამინისტროს პრეროგატივაა ); ეს უკანასკნელი წამალდამოკიდებულთა მიმართ საზოგადოების ლოიალური დამოკიდებულების ჩამოყალიბების რეალურ საფუძველს ქმნის . მხოლოდ ამ შემთხვევაში გახდება შესაძლებელი სწორი მიდგომის , მათ შორის საინფორმაციო პოლიტიკის ჩამოყალიბება და ნარკომანიით დაავადებულთა მიმართ სოციალური უკმაყოფილების შემცირება .
სახელმწიფოს ანტინარკოტიკული სტრატეგიის , ანტინაკროტიკული პროპაგანდის მიზანი უნდა გახდეს საზოგადოებაში ნარკომანიით დაავადებული სეგმენტის მიმართ უარყოფითი მუხტის ცვლა და ნარკომანის სტატუსის კორექცია , არა როგორც დამნაშავის , არამედ დაავადებულის , რაც საზოგადოებაში ინდიფერენტულობის მუხტის ნეიტრალიზაციასაც გულისხმობს . ჩვენ კი იმას უნდა ვაცნობიერებდეთ , რომ ნარკოტიკების მომხმარებლები - საზოგადოების განუყოფელი ნაწილია . ამრიგად , ზოგადად საზოგადოების ჯანმრთელობის უსაფრთხოებისათვის , პირველ ყოვლისა , უნდა ვიზრუნოთ ნარკოტიკების მომხმარებელთა ჯანმრთელობაზეც . მათი იზოლაციით ვითარება არ შეიცვლება . ასეთი მიდგომა დაულაგებელ ოთახში ნივთების ლოგინის ქვეშ შეყრას ჰგავს .…
საზოგადოებაში ნარკომანიით დაავადებული სეგმენტის მიმართ დამოკიდებულების კორექცია და ნარკომანის სტატუსის ცვლა ( დაავადებული და არა დამნაშავე ) აუცილებელია . გასაგებია , რომ “ ნარკომანი ” გაცილებით დაბალ სოციალურ საფეხურზე დგას და ეს სტიგმა წამალდამოკიდებულის წინაშე გადაულახავ ბარიერს აღმართავს . ნარკომანიით დაავადებული კი , ფაქტობრივად , ე . წ . ფსიქოლოგიურ იმპოტენციას განიცდის და ნარკოტიკზე დამოკიდებულების გამო არაქმედუნარიანია , მისი სტატუსი უპერსპექტივოა , მისი მომავალი – ხანმოკლე და განსაზღვრული . მაგრამ, მიუხედავად ამისა , საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს , რომ ნარკომანია დროთა განმავლობაში შეძენილი ფზიქო - ფიზიკური დეფექტია , ნაკლია და არა თანდაყოლილი მანკი . შესაბამისად , უნდა მოხდეს თავად დაავადებულშიც იმ აზრის განმტკიცება , რომ ” შეძენილი ” შეიძლება ” დროებითის ” სინონიმი იყოს . ამ პროცესში ჩვენ , ჟურნალისტებს დიდი პასუხისმგებლობა გვეკისრება . ჟურნალისტები ხშირად არ აცნობიერებენ იმ ძალას , რომელსაც რეალურად ფლობენ . განსაკუთრებით ბეჭდური მედიის წარმომადგენლები , რომელთაც თემის განვრცობის გაცილებით მეტი დრო და საშუალება აქვთ .
საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისათვის გარკვეული ორიენტირების მიცემა , ინფორმაციის აღქმის ვექტორის მითითება ჟურნალისტს დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს . ამიტომ აუდიტორიასთან საკომუნიკაციო ფორმისა და მეტყველების შერჩევა ჩვენგან მეტ პასუხისმგებლობას მოითხოვს – უნდა დაიწყოს ტერმინოლოგიის კორექცია , რომელსაც ხშირად ვიყენებთ და რომელიც წამალდამოკიდებულ პირთა დისკრიმინაციას ახდენს . ანტინარკოტიკულ პროპაგანდაში ჩვენი როლი დიდია , მით უფრო , რომ საინფორმაციო მასალების მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია არაჯანსაღი სტერეოტიპის დამკვიდრება , რომელიც ნაწილობრივ უნდა აქვეითებდეს რისკ - ჯგუფებში ნარკოტიკებისადმი ლტოლვას და ხშირ შემთხვევაში ახდენდეს მათ დისტანცირებასაც კი ; შეგვიძლია წამალდამოკიდებულის დემოტივირება , ან ამ პროცესის ხელშეწყობა . ყოველ შემთხვევაში , ვეცადოთ , რომ ისედაც ტრამვირებული , “ ნაიარევი ” ადამიანი ენითაც არ დავკოდოთ .
სტატია გამოქვეყნებულია 2008 წელს, გაზეთ "რეზონანსში"